ენა რომ უკმარობით არ იყოს დაავადებული, ტკივილთა ნუსხა გვექნებოდა, რომელიც მათ ნაწილს მაინც გახდიდა მოაზრებადს, გამოჭერადს.

მახსოვრობაში ტკივილის მოხელთება საკუთარ თავსა და სხვას შორის გამყოფი ხაზის დნობის შემჩნევით იწყება;

ხაზის, რომელიც შენს სხეულს, შენს “მეს” აქვს შემოვლებული.ზღვარი დნება და იღვენთება მაშინ, როცა შენიშნავ, რომ შენი ორგანიზმი საკუთარ თავს ესხმის;

როცა უნებლიედ, შენივე ორგანოების მხურვალე თანაჟღერას მოკრავ ყურს.

ტკივილი ძალაა, რომლის უკუგდებაც რთული, ან შეუძლებელია, ის იმპულსია, რომელიც სუბიექტს [მისი ნების, გააზრების, ინტენციის მიუხედავად] გარდასახვისა და გარდაქმნის, ან უკუქმნის ზღვაში აგდებს.

პროცესში, რომლის საწყისიც მახსოვრობიდან ამოშლილია, სასრულობას კი პირი არ უჩანს.

ტკივილის ჟღერადობა უფერულდება, როცა უჯრედული წვა ნელდება, როცა სხეულის მეხსიერებიდან ქრება მსხვრევის ხმა.

ქრება არეული მოძრაობით გამოწვეული სირცხვილი,  უმოძრაობით გამოწვეული უჰაერობა.

ტკივილი ისაა, რაც არასდროს გტოვებს, არასდროს გავიწყებს თავს.

მუდმივად ახალი სიმძლავრით, ახალი ფორმით, ახალი სიხშირით მოსული, ახლებურ ნაკაწრებს [ანდაც] ნაპრალებს გიჩენს გონებაზე.

Პარადოქსულად, სხეულს გამოკერებული ტკივილი მის საზღვრებს, სახელდებებს შთანთქავს.

ზოგჯერ  შესაძლებელს შეუძლებლად აქცევს, ან პირიქით - შეუძლებელს გამოუზრდის ხოლმე კიდურებს.

მას არ აქვს ათვლის წერტილი, დინების ტრაექტორია,  უბრალოდ მიმობნეულია შენში.

ხან კი კალაპოტიდან გადმოედინება და იმ ზღვარსაც შთანთქავს, რომელიც “შენ” და “სხვას” გმიჯნავთ.

ტკივილის ქრონიკულობამ [დროში განგრძობითი, განმეორებადი] სხვა  განცდის ხაზები, მათი ხანგრძლივობა შეამოკლა.

თითქოს ერთი, მეორეს ზრდის პარალელურად იმცრობა.ტკივილი გონებას ბურუსში იტყუებს და სხეულსაც თან იყოლებს

.ქრონიკულობა სუვერენულობას ხელიდან გაცლის, მიმართებას გიცვლის. პყრობიდან პყრობილებაში გადაყავხარ.

ტკივილი 1.0